Thursday, January 17, 2013

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი
ზდანევიჩების ოჯახს თბილისში ესტუმრა ფრანგი მიშელ ლე დანტიუ. იგი დაინტერესებული იყო ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებით, კერძოდ, კერამიკით და თავისი მასპინძლის ახალგაზრდა ვაჟთან ერთად კერამიკის შესათვალიერებლად თბილისის ბაზარსაც ეწვია; სადგურთან ერთ-ერთ სამიკიტნოში შევიდნენ. შევიდნენ და გაოცებული მიაჩერდნენ კედლებზე გადმოკიდებულ ფერწერულ ტილოებს… რა თქმა უნდა, მაშინვე ავტორი იკითხეს… უთხრეს, როგორ გეტყობათ მხოლოდ რესტორნებში რომ დაბრძანდებით, ეგეთი ნახატებით ხომ მთელი ახლომახლო სამიკიტნოებია მორთული, ნიკალა გვყავდეს ცოცხალი, თორემო…

კედლებიდან იცქირებოდნენ ფიროსმანის “თამარ მეფე”, “რუსთაველი”, “მწყემსი”, კიდევ “მწყემსი”, “თავადი”… მეორე სამიკიტნოში ნახეს “ყურძნის კრეფა ალაზნის ველზე”. უსაზღვრო იყო მათი გაოცება. მერე მისი სხვა სურათებიც მოაგროვეს. სამიკიტნოს მეპატრონეები ხალისით აძლევდნენ სურათებს, იმ იმედით, რომ “ნიკალა ახალს დაგვიხატავსო”.

უკითხავთ, სად ვიპოვოთ ეს კაციო. – არ ვიცით სად ცხორობს, ბინა არც კი აქვსო, – უპასუხნიათ.

თბილისი მაშინ მტკვარგაღმა ღარიბებისა იყო, მტკვარგამოღმა – მდიდრებისა. ფიროსმანი რომ გავიცანი, ვკითხე, რაღა ამ უბანს ჩააცივდი, აქეთ გამოდი-მეთქი. – აქეთ მე ვინ მომცემს დაკვეთას, მდიდრები არიან, მე კი ერთი საწყალი კაცი ვარო, – მიპასუხა.

მე მას რამდენჯერმე პირადად შევხვდი. მაღალი კაცი იყო, შეჭაღარავებული, უკან გადავარცხნილი თმა ჰქონდა. მის ფერმკრთალსა და მოტეხილ სახეს თან სდევდა რაღაცნაირი კეთილშობილური, მე ვიტყოდი, ინტელიგენტური იერი და სიმშვიდე. წვერი შეკრეჭილი ჰქონდა და ულვაში ქვევით დაშვებული. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და სქელი, საღებავებით დასვრილი შარვალი.

მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. მკერდზე გულხელდაკრეფილი იჯდა და გარინდებული და გაქვავებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. სახე ფარულ სიხარულსა და გაკვირვებას გამოხატავდა. ასე იჯდა მთელი სხდომის განმავლობაში და ხმა არ ამოუღია. სხდომის გათავების შემდეგ შემოეხვივნენ მხატვრები და დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას. დაინტერესდა ორატორებით. “ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? – თქვა მან, – …უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ.”

შემდეგ სხდომაზე ფიროსმანიშვილი არ გამოცხადებულა. ცხოვრობდა, როგორც გაგვეგო, სადღაც დიდუბეში, მაგრამ ვერავინ იპოვა. გაიარა წელიწადმა. ფიროსმანიშვილი გაქრა და მის შესახებ არაფერი ისმოდა.

მხატვართა საზოგადოების ერთ–ერთ კრებაზე გამოტანილ იქნა დადგენილება – აღმოეჩინათ ხელვიწრო წევრებისათვის მატერიალური დახმარება: გადაწყდა, ნიკო ფიროსმანიშვილისათვის მიეცათ დახმარება 200 მანეთის ოდენობით. ფულის გადაცემა მე მომანდეს. ეს იყო ფიროსმანის ცხოვრების უკანასკნელი წლები. მივიღე ფული და დავიწყე ფიროსმანიშვილის ძებნა. დაახლოებით ვიცოდი სად ცხოვრობდა. ბევრი ვიარე, ბევრ ეზოში შევყავი თავი და გამოვიკითხე, მაგრამ სულ ამაოდ.

დაღონებული ვბრუნდებოდი, რომ ერთი ეზოდან მომესმა საშინელი ყვირილი (ლანძღვა), ხმაური და ბავშვების ჟივილ–ხივილი. დაინტერესებული ამ გარემოებით გადავედი მეორე მხარეს და მივადექი იმ ალაყაფის კარებს, საიდანაც ხმაური მომესმა. წინ ბნელი იყო და იქით კი მზით სავსე ეზო მოჩანდა. სანახაობა იყო მეტად შესაბრალისი. ეზოს ბავშვები – ასე ათამდე – ქვებს უშენდნენ ერთი ოთახის კარებს, სადაც ცხოვრობდა აბუჩად აგდებული კაცი. ეს კაცი, საშინლად გაჯავრებული, გამოხტა ოთახიდან, გამოუდგა ბავშვებს, სწრაფადვე გაბრუნდა გაჯავრებული ლანძღვა-გინებით და ჩაკეტა კარები. დაფიქრებულმა ამ ამბით გადავწყვიტე, რომ ნიკო უნდა ყოფილიყო ეს ცხოვრებით დაჩაგრული და ბავშვების მიერ აბუჩად აგდებული კაცი. ერთ ბავშვს ვკითხე მისი ვინაობა და მან მიპასუხა – ეს “შალაპაი პიანიცა, ჟივოპისცა” არისო. მე გამეხარდა, რადგან მივაგენ იმას, ვისაც ვეძებდი. თან შემაწუხა მისმა ასეთმა ყოფამ. დავაკაკუნე. გამოჩნდა ნიკო. ჩემ წინ იდგა ,,ბოსიაკური“ და ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უღარიბესი უბნის მცხოვრები.

- ვინ გნებავთ? – შემეკითხა ჩაფიქრებული.

- ბატონი ფიროსმანიშვილი.

- მე ვარ, გთხოვთ, – გააღო კარები. დავიღუნე და შევედი.

უეცრად შემაჩერა და მკითხა:

- როგორ მოხველით, როგორც მტერი, თუ როგორც მოყვარე?! – და თან მიყურებდა თვალების არაჩვეულებრივი გამომეტყველებით.

“ხომ არ გაგიჟდა!” – გავიფიქრე გუნებაში, ხმამაღლა კი ვუთხარი:

- არა, თქვენც მხატვარი ხართ და მეც, რა მტერი უნდა ვიყო მე თქვენი? მე გუდიაშვილი ვარ, არ გახსოვართ?..

- დიახ, დიახ, – დაიწყო მან თითქო ცახცახით. – გთხოვთ, მობრძანდეთ, გთხოვთ, ლადო, არა?

- დიახ, ლადო.

- დაბრძანდით! ძმობილო! აი, ასე, ეს არის ჩემი ოთახი, როგორცა ხედავთ. ო! ო! რომელია თქვენი სახელი? ლადო, დიახ, ლადო! შეიძლება წყალი დალიოთ? – დაასხა ჭიქაში და მომიტანა. – ბოდიშს ვიხდი, რომ ლიმონათი არა მაქვს. – სწრაფად შევათვალიერე ოთახი. ეს იყო კიბის ქვეშ მოთავსებული, რამდენიმე ნაბიჯი სიგრძისა და სიგანის პატარა ოთახი. დგომა შეუძლებელი იყო. კუთხეში საწოლი იდგა, ზედ ჭუჭყიანი ქვეშაგები ელაგა, კედელზე პატარა კოლოფი იყო მიკრული – ეს იყო “შკაფი”. მეორე კუთხეში ეყარა სხვადასხვა ხელსაწყო მღებარისა და მხატვრისა: ვედრო, მუშამბა, საღებავები, ფუნჯები და სხვ.

- თქვენ იცნობთ ძმებს ზდანევიჩებს? – მკითხა მან უეცრად. – მათ ბევრი სურათი აქვთ ჩემი. მე ბევრს ვმუშაობდი, თბილისის სარდაფები ჩემი მოხატულია. ამით ვცხოვრობ… შეიძლება მიირთვათ რამე. იქნებ პური… აი, გთხოვთ, – და გამოიღო “შკაფიდან” ხმელი პურის ნატეხი. მე მადლობა ვუთხარი.

- ასე, ასე, ჩემო ძმობილო, ძვირფასო ლადო, როგორ გეძახიან – ლადო, არა? ჰო, ლადო!.. – გაჩერდა, ჩაფიქრდა. უეცრად ფეხზე წამოიჭრა. დაიწყო რაღაცის ძებნა. კუთხეში ნახა გაქონილი, ჭუჭყიანი ქაღალდი.

- ხედავთ? – გაშალა გაზეთი “სახალხო ფურცლის” ნომერი, სადაც მისი სურათი იყო მოთავსებული. – ჩემი პორტრეტი. მე გადამიღო ვიღაც გოგოლაშვილმა და შემდეგ გაზეთში მოათავსა.

ვუთხარი ნიკოს, რომ ეს სურათი ნანახი მქონდა.

- ეხლა რაზედ მუშაობთ? – ვკითხე შემდეგ.

- არაფერს არ ვაკეთებ. ვასრულებ მხოლოდ შენაკვეთს რესტორანში. სიღარიბეში ვცხოვრობ. ხშირად მატყუებენ და არ მაზლევენ ფულს.

ამოვიღე ფული და გადავეცი. ისიც ვუთხარი, ვისგან იყო. შეჩერდა და გაოცებული გაქვავდა, ხმა ვეღარ დაძრა. არ იცოდა როგორ გადაეხადა მადლობა.

- ცოტა არის, – ვუთხარი, – მაგრამ ამ ფულით შეიძლება პატარა ხანს ცხოვრება. იყიდეთ საღებავები.

ავდექი და მოვემზადე წამოსასვლელად. კუთხეში რაღაც შევამჩნიე.

- ეს რა არის?

- საღებავები, ჩემო ძმაო. მუშაობა ასე უნდა. თქვენ კოსტიუმებში და გალსტუკებში მუშაობთ და გოლოვინის პროსპექტზედაც დასეირნობთ, – არა, ასე არ შეიძლება, უნდა ჩაიცვა ძველი ფართუკი, აანთო ლამპა და მოაგროვო ჭვარტლი. უნდა დაფქვა ფეხით კირი და გააკეთო უმარილი, აიღო დიდი ფუნჯი და შეღებო კედლები თეთრი ან შავი ფერით, ძირიდან ჭერამდე. ძმაო ლადო! თქვენ ლადოს გეძახიან, არა? ო, ასე კარგია, ძლიერ კარგია. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა? ავაშენოთ სახლი თუ არა? ავაშენოთ და შევიკრიბოთ იქ. ვიქნებით ერთად, თორემ რა აზრი არის ეხლა? დახატავ სურათს, წაიღებ სარდაფში, გაჭმევს, დაგალევინებს მისი პატრონი ღვინოს და სურათს კი დაიტოვებს. და ასე ყოველთვის.

მერე ნიკომ მაჩვენა სურათები: “ლომი” და “თამარ დედოფალი”.

- აქ ბავშვები მიშლიან ხელს, ყვირიან და ქვებს ისვრიან ფანჯრებში, მაწვალებენ უღმერთოდ. მაშასადამე, თქვენ მიდიხართ? წავიდეთ… იცით რა? – თქვა მან წყნარად, – წავიდეთ სარდაფში, დავლიოთ.

მე ვუთხარი, რომ ღვინოს არა ვსვამდი.

- არა უშავს, ლიმონათს მაინც დალევთ.

კიდევ უარით ვუპასუხე. სახეზე წყენა შევნიშნე. სახლში რომ დავბრუნდი, მეტად დამაღონა ჩემმა საქციელმა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა.

სადგურის მოედნამდე ერთად ვიარეთ. გზაში ბევრი მელაპარაკა თავის ჭირ-ვარამზე და თანაც მაჩვენებდა სარდაფებს, სადაც სურათები იყო…

მას აქეთ დიდხანს ვეღარ შევხვდი, ვეძებდი, ვიყავი სახლში, მაგრამ შინ ვერ მივუსწარი, ვეძებე სარდაფებშიც – იქაც ვერ შევისწარი.

გავიდა ამ შეხვედრის შემდეგ თითქმის წელიწადი. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ დასდო დახმარება ღარიბ მხატვართა სასარგებლოდ. ფიროსმანიშვილისათვის გადმომცეს დაახლოებით 300 მანეთი. გავემართე ისევ მისკენ, მაგრამ თავისი ოთახიდან გადასულიყო. ახლა იქ პატარა დუქანი მოეთავსებინათ და წინანდელი მობინადრისა არაფერი იცოდნენ. რამდენიმე ბავშვმა იკისრა ფიროსმანიშვილის მოძებნა, გავყევი მათ, შემოვიარეთ დიდუბე.

- დიდი ხანია არ დაგვინახავსო, – გვპასუხობდნენ შეკითხვაზე მედუქნეები და რესტორნის პატრონები. ვერაფერი გვითხრეს სამისამართო მაგიდაშიც. მას შემდეგ ფიროსმანიშვილი სამუდამოდ დაიკარგა.

თავისი წუთისოფელი ნიკომ სადღაც, მიგდებულ სარდაფში დაასრულა 1918 წელს, მაგრამ რა დღეს მოკვდა, რა პირობებში, ვინ დამარხა, ეს გამოურკვეველი დარჩა.


წყარო

კირილე ზდანევიჩი

კირილე ზდანევიჩი
ნიკო ფიროსმანიშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურა მდიდარი როდია. ამიტო ყოველი ახალი ნაწარმოები ნიკოზე ჩვენი კულტურული ცხოვრების სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა.
უთუოდ მეტი უნდა იწერებოდეს ამ ჭეშმარიტი სახალხო ტალანტის, დიდი თვითნასწავლი ოსტატის ბრწყინვალე შემოქმედებისა და მწუხარე ცხოვრების შესახებ, რადგან დროთა განმავლობაში ფიროსმანი სულ უფრო დიდ მოვლენად წარმოგვიდგება და საპატიო ადგილს იმკვიდრებს ქართული ფერწერის ისტორიაში. ყოველივე ეს გვავალებს, რაც შეიძლება სათუთად, სერიოზულად და მეცნიერულად მივუდგეთ მისი მემკვიდრეობის შესწავლას.
ამ თვალსაზრისით უთუოდ მეტად ძვირფასია ფიროსმანის თანამედროვეთა, მის მეგობართა და ნაცნობთა მოგონებანი.
მხატვარ კირილე ზდანევიჩის წინამდებარე ნაშრომი პირველ რიგში იმიტომ არის საინტერესო, იგი ეკუთნის ნიკო ფიროსმანიშვილის ერთ-ერთ აღმოჩენას, მის პირად მეგობარს, მისი სურათების შემგროვებელსა და მისი შემოქმედების მგზნებარე პატრიოტს.
თვითოეული სტრიქონი ამ წიგნისა დაწერილია უდიდესი პატივისცემით, სიყვარულითა და სიბრალულით ასე ადრე და ასე ტრაგიკულად დაღუპული დიდი მხატვრისადმი. წიგნში ცოცხლდება ფიროსმანისდროინდელი თბილისი, სადაც დადიოდა კეთილშობილებით, ადამიანური ღირსებითა და სიამაყით აღსავსე უბედური მხატვარი. ცოცხლდება ძველი თბილისის განუმეორებელი კოლორიტი, რომელიც ასე ბრწყინვალედ ასახა ნიკომ თავის სურათებში, ცოცხლდება ნიკოს ძველი დოსტების, მისი გულშემატკივრებისა და თაყვანისმცემლების- თბილისის გარეუბნების უბრალო ადამიანების კოლორიტული სახეები.
ამ წიგნის ღირსება იმაშიც მდგომარეობს, რომ ნიკო ფიროსმანი მკითხველის წინაშე წარმოდგება არა როგორც ალკოჰოლით დაღუპული ადამიანი, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული აზრი იყო, არამედ როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა ხელოვნებას და რომლის მთელი ცხოვრება შემოქმედებითი გმირობის მაგალითი იყო.
ქართველი საზოგადოება მიმდინარე წელს აღნიშნავს ნიკო ფიროსმანიშვილის დაბადების ასი წლისთავს და უთუოდ კიდევ ერთხელ გაიხსენებს და დააფასებს ქართველი ხალხის გულწრფელი მეგობრების- ფრანგი მხატვრის მიხეილ ლე-დანტიუს, ძმების ილია და კირილე ზდანევიჩების ღვაწლს, რომლებმაც მთელ რიგ ქართველ მოღვაწეებთან ერთად გადაარჩინეს და შთამომავლობას შეუნახეს ნიკო ფიროსმანიშვილის მრავალი შესანიშნავი სურათი, რომლებიც ახლა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მშვენებას წარმოადგენს.
ლადო გუდიაშვილი

დღითი დღე ნიკო სულ უფრო ღარიბდებოდა, ტანისამოსი შემოაცვდა,ფეხსაცმელი დაეხა; ჩაიცვა უბრალო იაფასიანი ხალათი და ჩითის შარვალი, მაგრამ როცა შეხედავდით ამ ადამიანს, მის სახეს, მის თვალებს დაგავიწყდებოდათ თუ რა ეცვა. დიდრონ შავ თვალებში გამოსჭვიოდა აზრი, დამკვირვებლობა და ფარული მწუხარება სახის მოხაზულობა, წვერ-ულვაში და თმა საოცრად წააგავდა იმათ სახეებს, ვის გამოსახულებასაც ვხედავთ ქართულ ფრესკებზე. შთაგონებული სახე ჰქონდა. ნიკო იყო ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანი. ტყუილად კი არ შეარქვეს ხუმრობით ,,გრაფი”. იგი არასდროს კი არ მიუჯდებოდა უცხო სუფრას, ძნელი იყო მისი დაპატიჟებაც. ასეთი იყო ნიკო ფიროსმანიშვილი 1912 წლის ზაფხულის დამდეგს, როცა ჩვენ გავიცანით იგი. ახალგაზრდა მხატვარი მიხეილ ლე-დანტიუ, ჩემი ძმა სტუდენტი ილია და ამ წიგნის ავტორი ვსწავლობდით პეტერბურგში, ზაფხულობით ჩამოვდიოდით ტბილისში ჩემს დედ-მამასთან. იმ დროს ჩვენ გატაცებულნი ვიყავით ეროვნული ხალხური ხელოვნებით ვეძებდით ყოველგვარ მის გამოვლინებას საქართველოში. ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოს ოსტატები სახლებს, ავეჯს, ჭურჭელს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამშვენებდნენ ორნამენტებით, რომლებიც შესრულებული იყო მცენარეების, გეომეტრიული ფიგურების, ვარსკვლავებისა და ჯვრების სხვადასხვა კომბინაციით. კერამიკა-უძველესი ხელოვნება საქართველოში – ლამაზად, გონებამახვილურად და გამომგონებლობითაა ორნამენტირებული. თიხის ჭურჭელი გასაოცარი ფორმებისაა და ქართული ხელოვნების განუმეორებელი სტილი აქვს შენარჩუნებული, ხშირად ცხოველების, თევზებისა და ადამიანთა მოტივებია მასზე დართული, მეტადრე ირმების, შვლების პატარა ფიგურები მეტად საოცარი სიმართლით არიან გამოსახულნი. ყველაფერი ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. მაგრამ ჩვენ უფრო მეტის მოლოდინში ვიყავით და მალე აღმოვაჩინეთ მხატვარ ნიკო ფიროსმანიშვილის არაჩვეულებრივი და ორიგინალური ხელოვნება.
საუბარი გრძელდებოდა და თანდათან ნიკოს თვალებში სითბო ჩადგა. იგი მიხვდა, რომ მასთან იჯდნენ მისი ნამდვილი მეგობრები. გავაცანით ჩვენი გეგმები, რაც მას შეეხებოდა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა მისი სურათები, შეგვედგინა ყველა მისი ნაწარმოების კატალოგი, მოგვეწყო თბილისში და მოსკოვში გამოფენები, დაგვებეჭდა მის შესახებ წერილები. შემდეგ ვთხოვეთ ეამბნა თავის თავზე.
ფიროსმანიშვილმა ჩუმი ხმით გვიამბო კახეთში გატარებულ ბავშვობაზე, თბილისში ცზოვრების შესახებ თავის სურათებზე, თუ როგორ ესმის მას ფერწერა და სხვა. `მე უბრალო ადამიანების ხატვა მიყვარს: გლეხები, ყარაჩოხელები მუშები, მეეზოვეები, ქალები, ბავშვები, ვხატავ ცხოველებსაც. მდიდრებს არ უყვართ ჩემი სურათები, მათ თავიაანთი მხატვრები ჰყავთ!” ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა: `თქვენ დიდი საქმე წამოიწყეთ, იგი დიდ გარჯას მოითხოვს. მე გეტყვით სადაა ჩემი საუკეთესო სურათები.”
1912 წლის ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა. დადგა დრო პეტერბურგში დაბრუნებისა. ჩვენს სახელოსნოში სტუმრად გვეწვივნენ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ზიგა ვალიშევსკი პოეტი კოლაუ ჩერნიავსკი და სხვები. დაპატიჟებული იყო აგრეთვე ნიკო ფიროსმანიშვილი, მაგრამ იგი, როგორც ჩვეულებრივ, არ მოვიდა, ეტყობოდა თავისი ტანსაცმლისა რცხვენოდა. ვსინჯავთ ლე-დანტიუს მიერ მონახულ სურათებს. უნდა ითქვას, რომ ნიკოს სურათების მფლობელნი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სიამოვნებით გვითმობდნენ თავის ,,საკუთრებას”; ამბობდნენ: ,,ნიკალა კიდევ დაგვიხატავს ამაზე უკეთესს” და მართლაც, ასე ხდებოდა. ერთ-ერთ სურათზე `ორთაჭალის ტურფას ლუდით სავსე ჭიქა უჭირავს”, ქალის სინაზე გადმოცემულია მეტად უბრალოდ. ეს სურათი ერთ დროს პეტერბურგში იყო წაღებული, მერე ისევ აღმოჩნდა თბილისში და ახლა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია. მეორე სურათზე ასახულია ქურთი მუშების, ამბალების ქეიფი. მრგვალ მაგიდას უზის ოთხი მუშა, ჭუჭყიანი, დაფლეთილი ტანისამოსი აცვიათ, ხელში უჭირავთ ღვინით სავსე ჭიქები. სიმთვრალისაგან ვიწრო თვალები უბრწყინავთ, პირისახე მოღრეციათ. სამწუხაროდ, საღებავი მალე დასკდა, ჩამოიშალა და სურათი დაიღუპა.

წყარო

სოფიო ქალანთაროვი

პატარა ნიკო ძალიან გონიერი ყმაწვილი იყო. მას უყვარდა წიგნების კითხვა, ხატვაც… ისეთი პატიოსანი და ერთგული იყო, რომ ჩვენ მას ვანდობდით მტელ ჩვენს ოჯახს, რომელიც მაშინ მდიდარი იყო… ფაქიზი ბუნებისა იყო, არაჩვეულებრივი თავმოყვარე და ამასთანავე იშვიათი სიმართლის მოყვარული. საწყლის შემბრალე… მას ისე ღირსეულად ეჭირა თავი, რომ ვერავინ გაუბედავდა რამე წყენას და დაჩაგვრას… ნივთიერი სიმდიდრე არ აინტერესებდა.

მისთვის არსებობდა მცოლოდ ხატვა და როდესაც კი თავისუფალი დრო ჰქონდა, ხატვაში იყო გართული…

როდესაც ვინმე გროშებს აჩუქებდა, ის მაშინვე გაიქცეოდა, იყიდდა ფანქარს და ფერადებს და დაიწყებდა ხატვას… მისგან ოთახის კედლები ნახშირით ან ფანქრით იყო მოხატული…

ერთხელ ნიკომ ჩვენი სახლის სახურავიდან დახატა მშვენიერი სურათი: გაღმით მდებარე მეტეხის ციხე-ეკლესია… ხატავდა პორტრეტებსაც და ამისთვის ის ცოცხალ ნატურას არ იყენებდა.

ხშირად ნიკო სახლის ეზოში ერთი კუთხიდან მეორეში დადიოდა ღრმა ფიქრებში გართული. ის იმ დროს ალბათ, ოცნებობდა და როდესაც ასე დაინახავდა მას ჩემი და კეკე, შეშინებული მეტყოდა: ხედავ ჩვენს ნიკოს, როგორ ჩაფიქრებული დადის, ჭკუაზედ კი არ შეცდესო.

ახალგაზრდობისას სრულიად არ სვამდა… ხშირად მიამბობდა ძველ ქართულ საგმირო ზღაპრებს გასაოცარი ლამაზი ენით, ისეთი ხელოვნებით მომითხრობდა რაინდების, დევების გასაოცარ საგმირო ამბებს, რომ მე მთლად ყურადღებად ვიყავი გადაქცეული. ამავე დროს, ნიკოს წინ ედო ქაღალდი და კარანდაში, სწრაფად, ორიოდე ხაზის მოსმით ხატავდა იმ გმირებს, დევებს, რომლებზედაც მომითხრობდა ზღაპრებს… სხვათა შორის, მან ჩემ თვალწინ დახატა წითელი ფანქრით რუს-ოსმალოთა ომის სურათი 1877 წელს…

მე ახლა გახსენებისას ვრწმუნდები იმაში, რომ ნიკო ზოგიერთ ზღაპარს თვითონ თხზავდა, რადგან მას რაც უნდა ბევრი ჰქონდა წაკითხული, მაინც ამდენს ვერ მიამბობდა. ამიტომ, ჩემი აზრით, ის იყო არა თუ ნიჭიერი მხატვარი, არამედ, ამასთანავე ბუნებით ნიჭიერი პოეტიც.

როცა დედაჩემი წავიდოდა ოპერაზედ, ნიკოც უეჭველად წაჰყვებოდა გამოსაცილებლად. იგი ავიდოდა ქანდარაზედ და იქიდან ისმენდა. კარგად მახსოვს, რომ ნიკო თავის ტოლ ამხანაგებთან ჩვენი სახლის ეზოში გამართავდნენ ხოლმე წარმოდგენას. ამ წარმოდგენებში ნიკოც მონაწილეობდა…

ერთხელ მან გაგვიკეთა პატარა სასახლე ფანჯრებით, მშვენიერი ფასადისა. იგი გვედგა ყოველთვის სასტუმრო დარბაზში და აღდგომას ან ახალ წელიწადს შიგნიდან სანთლით ვანათებდით ღამით. მეტად ლამაზი სანახავი იყო.

წყარო