ფიროსმანის ნახატები

მეეზოვე
მაყურებელმა რომ უფრო ახლოს დაინახოს გმირი, ფიროსმანი თავიდან იშორებს ყველაფერ ზედმეტს. ისევე როგორც მის ნახატებში “მზარეული”, “მუშები”, “ორთაჭალელი ტურფები”, “ლომი”, “მეეზოვე” წარმოდგენილია გაშიშვლებულ ატმოსფეროში.

ფიროსმანის ხატვის სტილი, წარმოგვიდგინოს თავისი პერსონაჟები შიშველ სცენაზე, შესაძლოა შევადაროთ თეატრალურ წარმოდგენას, რომელშიც მსახიობები ითამაშებდნენ დეკორაციების გარეშე. როგორც თეატრალურ წარმოდგენაში, ასევე ნახატზე, ამ შემთხვევაში ერთი მიზანია: მაყურებლის ყურადღების გამახვილება პერსონაჟზე ან მსახიობზე.

მეეზოვის ზურგს უკან ჩვენ ვერ ვხედავთ არც ეზოს, არც სახლს, არც ნაგავის გროვას, არც დაცვენილ ფოთლებს, არც ცოცხს. მრავალფეროვანი დეკორაციების და გრიმების საშუალებით გაადვილებულია მსახიობის ამოცანა. უნიღბოდ, შიშველ სცენაზე თამაშისათვის საჭიროა სახის შინაგანი ხედვის დიდი ინტენსიურობა. ამის გარეშე იქნება მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ფიროსმანი ირჩევს სწორედ ამ რთულ გზას.

მეეზოვის ფეხებს ქვეშ ერთი მუჭა რუხი მიწაა დაყრილი. თუ კარგად დავაკვირდებით, შესაძლოა გამოვარჩიოთ ფიცრის იატაკი, რომელზედაც დგას მეეზოვე. ხოლო მეეზოვის უკან თეთრი ფონი – კედელია.

მაგრამ ამ შემთხვევაში ფიროსმანი ნამდვილი ილუზიონისტია: კედელი მთლიანად იხსნება, იღება. ხოლო კედლისა და იატაკის გამყოფი ხაზი აღიქმება როგორც ჰორიზონტის ხაზი. კონკრეტული რეალობიდან ჰორიზონტზე მიმავალი გზა ისეთი სიმსუბუქითაა შესრულებული რომ სუნთქვა შეგეკვრება.

ფიროსმანი ხშირად იყენებს კონტრასტულ ფერებს. “მეეზოვე”-ში ძირითად ფერად ფიროსმანმა გამოიყვანა იისფერი. მხატვარი იისფერს ხშირად არ ხმარობს. ამიტომ ნახატსაც განსაკუთრებული კოლორიტი შეურჩია.

სურათზე არ არის მინიშნებული წელიწადის დრო. სიცივეზე მიგვითითებს სახის ფერი, აგრეთვე ხელების რუხი-იისფერი გაშეშება. ხელის იისფერი თითები უფრო მარცხენა ხელის იისფერი თითები იპყრობს ყურადღებას. თითები შეკუმშულია სიცივისაგან, რომ გაყინული თითის წვერები ხელისგულებით გათბეს.

მეეზოვეს უხეში, სქელი მაუდის შავი ლაბადა აცვია. ხელთათმანები არ უკეთია, შესაძლოა იგი არ შედიოდა მეეზოვის ფორმაში, ან საერთოდ მოუხერხებელია ყოველდღიური მუშაობისას.

სიცივეზე მიგვანიშნებს სურათის საერთო კოლორიტიც. სახეზე და ხელებზე რუხი-იასამნისფერი ადევს. იატაკზე ერთმანეთში დინამიურად გადადის ნათელი და ბნელი ლაქები, ჩრდილების ზოლები.

ფიროსმანი შუქჩრდილებს იშვიათად მიმართავს. ეს სურათი გამონაკლისია. ჩრდილი აქვს ხელჯოხს და მეეზოვის ფეხებს, მათი ჩრდილები ერთდება და ქმნის ერთიან ჩრდილს.

ნახატზე დიდი ადგილი უკავია შავ ფერს. შავია პალტო, მეეზოვის ხელჯოხი, თვალები. მორუხო-შავი ფერისაა ჩრდილები.

მეეზოვე თავისი ასაკის გამო იძულებულია დაეყრდნოს მსხვილ ხელჯოხს, რომ მყარად იგრძნოს თავი მიწაზე, რომელიც ფეხქვეშ უსხლტება. ხელჯოხი წარმოადგენს არამარტო ფიზიკური წონასწორობის წყაროს, არამედ მასში ხდება ფერის კონცენტრირება. მასში დალექილია მთელი სურათის სიშავე, განსაკუთრებით იატაკის სიშავის. ხელჯოხი კვერთხის, არგანის სიმბოლოა, რომლითაც დადიან განდეგილი გიორგი და ფიროსმანის სამყაროს სხვა მომლოცველები. მეორეს მხრივ, ეს ის ხელჯოხია, რომლითაც წისქვილის ზღურბლთან დგას მოხუცი მეწისქვილე.

რადგანაც ცოცხის მაგივრად მეეზოვეს ხელში ხელჯოხი უკავია, ეს მიგვანიშნებს მხატვრის მისწრაფებას, გამოხატოს უფრო განზოგადებული სახე.

ფიროსმანის ნახატების ფონი უპირატესად ერთფეროვანია, ან უკეთეს შემთხვევაში – ორფეროვანი. მაგრამ ცალკეულ სურათებზე მხატვარი ახდენს ფონის ზუსტ, ნაზ მოდელირებას. ასეთი რამ გვხვდება განწყობითი ხასიათის ნახატებზე. სწორედ ასეთს განეკუთვნება “მეეზოვე”. იისფერისა და თეთრის შეხამება მიგვანიშნებს სურათზე ცივ სითბოს ატმოსფეროზე. ისევე როგორც ზამთრის დილის კვამლი, ასეთი ცივი სითბო ახვევია გარს მეეზოვეს.

მნიშვნელოვანია ფერების კონტრასტები. მეეზოვის თეთრი წინსაფრის კონტრასტი მოთეთრო-მოშავო ფონთან. წინსაფრის სითეთრე ცივია. თეთრი ფონი კი შედარებით თბილი. ასე რომ მეეზოვის ფიგურა თითქოს ცივ წინსაფარსა და შედარებით თბილ ფონს შუა არის მოქცეული.

თეთრი ფერი სულიერი სიწმინდის ფერია. მაგრამ სხვადასხვა კონტექსტში იგი სხვადასხვა შინაარსს იძენს. ერთია – ორთაჭალის ტურფას სითეთრე, მეორეა – მეეზოვის.

მეეზოვის შემთხვევაში იგი მიგვანიშნებს მის ხანგრძლივ, სინდისიან და სუფთა ცხოვრებას. ადამიანი, რომელიც იბრძვის ჭუჭყთან და ნაგავთან, წინსაფარი თითქოს თეთრ ფარს, ჯავშანს წარმოადგენს. თეთრ წინსაფარში ჩაქსოვილია ამ ცხოვრების რწმენა, სიმამაცე და ღირსება. თითქოს თავიდან იშორებს ამ ცხოვრების ნაგავს. აღსანიშნავია წინსაფრის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება: მისი თეთრი სივრცე შემოსაზღვრულია უწყვეტი შავი კონტურის ხაზით. ამით ხაზგასმულია მოცემული სივრცის ხელშეუხებლობა, სისრულე და მთლიანობა.

ცხადია, მეეზოვე არ გახლავთ ანგელოზი, რომელსაც გაფრენისთვის მხოლოდ ფრთებიღა აკლია. მის მძიმე ცხოვრებაში ყოფილა ყველაფერი. ახლა მას შეუძლია აზრობრივად დაიჭიროს განვლილ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი - ნამდვილი ადამიანურობის ის ნაწილაკები, რომლებთანაც ქონია შეხება, ან წარმოუსახავს აზრობრივად. ერთფეროვან დღეთა გრძელ ჯაჭვში ყველაფერს ვერ გაიხსენებ. და ესეც არა არის მთავარი. მთავარია ის რომ, მან ბოლო დღეებამდე შეინარჩუნა უფლება თეთრ წინსაფარზე.

უკბილო ლოყები ჩაუცვივდა, ღაწვის თავები უფრო გამოესახა, ყურები თითქმის სახეს შერწყმია. მსხვილი ცხვირი მძიმედ დაშვებულა. ტუჩები სრულებითაც არ ჩანს, იგი ხშირი მოწითურო წვერითაა დაფარული. დალაქის მაკრატელი იშვიათად თუ შეხებია მეეზოვის წვერს. მეეზოვის ფორმის ქუდიდან უწესრიგოდ გადმოყრილან თმები. ფეხზე აცვია ადამიანური სიტყვით ძნელად განსასაზღვრავი ფეხსაცმელი – კალოშები თუ რეზინის ყელიანი ფეხსაცმელი (ბოტები).

ჩვენს წინაშე არც მომლოცველია კვერთხით, არც ტყის კაცი და არც მეთევზე, მხატვარმა ფორმის ქუდის ყვითელ ზოლზე გარკვევით წააწერა – “მეეზოვე” – და ნომერი: 1035.

ამით ფიროსმანმა დაგვიხატა ადამიანი, რომელიც ამ ცხოვრებაში აღმოჩნდა მეეზოვედ.




კახეთის ეპოსი
კახეთის ეპოსი ფიროსმანის სიცოცხლის წლებში მის ერთერთ დიდ სურათს ვიღაცამ «კახეთის ეპოსი» დაარქვა სახელად. სიტყვა ეპოსი ფიროსმანის მხატვრული სისტემის ერთერთი თვალსაჩინო თვისებაა. ფიროსმანის ფართე ხედვა, ეპოსური ენა ეფუძნება საქართველოს იშვიათად სწორ შეგრძნებას. მისი შემოქმედება მხატვრული ჟანრების მთელი კომპლექსისაგან შედგება: 1. ნატურმორტები, 2. ცხოველები, 3. პორტრეტები, 4. პეიზაჟები, 5. ჟანრული კომპოზიციები, 6. ეპოსური კომპოზიციები, 7. აბრები. საბოლოო ჯამში მის სურათებში ზედმიწევნით სავსე საქართველოს ხატი იქმნება. ამ ხატში თავისი ადგილი იპოვეს საქართველოს ბუნების ისეთმა დეტალებმაც, როგორიც ყურძნის მტევანი ან ბალახია, ისეთმა ვრცელმა სივრცეებმაც, რომელსაც საქართველოს კლდეები, მთები და ზეგანები ქმნიან. ადამიანთა ყოფიერების გამომსახველი ეპიზოდები სწორედ ამ დეტალებისა და დიდი სივრცეების გარემოშია კომპოზიციურად განფენილი. სივრცის ერთ ლაბირინთში მოქეიფეები შემოსხდომიან მოლზე გაშლილ თეთრ სუფრას, მეორე ლაბირინთში ადამიანს ძარცვავენ ყაჩაღები, სხვაგან კაცი უწყინარად მიდის ტვირთით ზურგზე, იქით კაცი ჯოგს მწყემსავს, შორს თეთრი ეკლესია მოჩანს, მის თავზე ჩიტების გუნდი მიფრინავს, შარაგზაზე ადამიანების ჯგუფი მიემართება, სხვა ლაბირითში ქორწილია, მთასთან მყუდრო ადგილას მოხუცი ლოცულობს და ა.შ. ადამიანებით და ბუნებით სავსეა ფიროსმანის დახატული საქართველო, მაგრამ საქართველოს ხატი სრული არ იქნებოდა, ფიროსმანს თავისი ხასიათი რომ არ გამოევლინა სხვადასხვა მხატვრულ ნიშნებში და ფაქტორებში. ოსტატური მიგნებით არის დაყოფილი სივრცე სხვადასხვა ლაბირინთებად შიშველი კლდეების საშუალებით ნახატში «კახეთის ეპოსი». კლდეები არც ისე გრანდიოზული ზომებისაა, მაგრამ მეტაფორულად საქართველოს კლდოვანი ლანდფშატების შთაბეჭდილებას ტოვებენ. კლდეების მეშვეობით მხატვარი მთლიანი ხედის სხვადასხვა შრეებს ქმნის. ერთერთ ლაბირინთში თეთრი ეკლესიის თავზე თეთრი ჩიტები მიფრინავენ. მეორე კლდის გამონაშვერის ძირას დიდი სახლის თავზე შავი ფრინველები მიფრინავენ ცის სივრცეში. მესამე კლდის ზეგანზე მთელი სოფელია გამოსახული. მთლიანობაში იქმნება უზარმაზარი სივრცე. ნახატის წინა პლანზე კი ადამიანის ყოფიერების სხვადასხვა ეპიზოდებია ჩაწერილი. კომპოზიციაში სულ რამდენიმე ხეა დახატული, მაგრამ მიწის ძლიერ ზეგანებთან თანაფარდობაში ოაზისური ხილვების შთაბეჭდილებას ტოვებენ. როგორც სინამდვილეში უჭირავს მთებს და კლდეებს დიდი ადგილი სივრცეში, ისევე ნახატის შეზღუდულ სიბრტყეზე უჭირავს დიდი ადგილი მცირე ზომის კლდეს, თუ ზეგანს. ფიროსმანი ხშირი მცენარეულის ნაცვლად მიწის მკვრივ ზეგანებს, მთის ფერდებს და ველებს გამოსახავს.





ქორწილი ძველ საქართველოში, 1916 წ.

ჩამობნელებულა კახეთის ცაზე. ქორწილია, ღამით მაყრიონი ჯვრის წერიდან ბრუნდება. წინ ნეფე-დედოფალი მიუძღვით, ცხენებიც საზეიმო განწყოილებით არიან აღჭურვილნი. მრავალჟამიერ გუგუნებს ფიროსმანის ტილოზე ,,ქორწილი კახეთში.” მექორწილეებს დასალოცად ეგებება სოფლის უხუცესი, დაირითა და სიმღერით კი ახალგაზრდობა. ხეზე ჩამოკიდებულ ბაირაღს მაყრიონიდან გამოსული რაინდი თოფს უმიზნებს, რათა ერთი გასროლით ძირს ჩამოაგდოს და დედოფალს მიართვას. შორს მოჩანს ორი ეკლესია. მხოლოდ მხატვარმა იცის, რომელში იყვნენ ჯვარდაწერილი მექორწინენი.


1908, შეშის გამყიდველი ბიჭი

შეშის გამყიდველი ბიჭი, 1908 წ. შეშის გამყიდელ ბიჭს ვირისთვის აუკიდია შეკრული შეშა და ქალაქში მიაქვს გასაყიდად. სურათში «შეშის გამყიდველი ბიჭი» შეშაგადაკიდებული სახედრის სახე იმდენი მნიშვნელობის გრძნობებს გამოხატავს, რომ ბიჭის სახეზე არანაკლებ პორტრეტულ აქტიურ აქცენტს ქმნის კომპოზიციაში. სახედრის გამომეტყველებაში გამომზირალი მორჩილება, საყვედურნარევი შეკითხვა, ღრმა სევდა, დაფიქრების მსგავსი განწყობა განცდათა ტალღებივით მიიქცევიან და მოიქცევიან მაყურებელში. ვირი თან ველურია, თან მოთვინიერებულია, კომიკურიც კია თავის თვითგაუცნობიერებელ ყოფაში ღრმად საზრისიანი გამომეტყველების გამო. სახედრის სახესთან თანაფარდობაში ბიჭის პროფილი თავის დისპროპორციულ სიუშნოვეში უთუოდ სასაცილო გროტესკის პრინციპითაა გაკეთებული. მაგრამ განსაცვიფრებლად სუფთა და გულუბრყვილო ხასიათის შემცველია. ბიჭის სახე ვირის გამომეტყველებაზე არანაკლებ ველურად სუფთა და სევდიანია. ტრაგიკულის და კომიკურის განუსაზღვრელი სინთეზი სიწმინდის იმპულსის დამატებით მჭვრეტელში ინტენსიურ შეგრძნებათა ურთიერთმონაცვლე მძლავრ ნაკადს წარმოშობს. ბიჭის და სახედრის სახეებს შორის «ალა პრიმა» ტექნიკით ოსტატურად შესრულებული შეშის ფორმები ცინცხალი ფერწერული რიტმით ემოციურ ზვირთებს მატებს პორტრეტების გამომეტყველებებს.



სააღდგომო ცხვარი

სააღდგომო ცხვარი ნატურმორტული პრინციპითაა შესრულებული «სააღდგომო კარავი». იგი მსხვერპლის ღრმა შეგრძნებით არი დახატული და შესაბამისად ღრმად რელიგიურია. სიტყვით აუწერელი მწუხარება გამოსჭვივის კარვის თვალიდან. იგი გაკრეჭილია და მორჩილად დგას მაგიდაზე ჯვარიან პასკას და და საჭმელიან თეფშებს შორის. ნახატი მდიდარი მუქი კოლორიტით გამოირჩევა. შავი ღვინისფერი ელფერის მქონე გარემოში ყველაზე ნათელფეროვან ადგილს სიბრტყეზე კარავი წარმოადგენს.




1906, ტახი

1906, ტახი სურათში «გარეული ტახი» ტახის ფიგურა თავისი ველურობით და უცნაური აგებულების სიუშნოვით ღიმილის მომგვრელია. მაგრამ, ამასთანავე, ტახის ფიგურა დაძაბულია ფორმის შეკრულ სიმძლავრეში და ტრაგიკულიც არის თავისებურად. ტახის სიველურის ბრმა თვითგაუცნობიერებელი იდუმალობა თავისი უცნაური თავით გაკვირვების აქცენტით არის, თითქოს თემატიზებული. იგი მუშტივით შეკრული ენერგიული სტიქიაა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, კლდეს გახვრიტავს ეშვებით, მისი სურეალური აგებულება თან ღიმილის მომგვრელია, თან დრამატული. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი”



ქართველი ქალი დაირით, 1906 წ.

“ქართველი ქალი დაირით”, რომელიც საკმაოდ ცნობილია საზოგადოებისათვის, და წარმოსახავს იმ დროინდელი ქართველი ქალის იერსახეს. მხატვარი გვაჩვენებს ქალის ჩაცმულობის კულტურას, სამკაულებს, თავის დაჭერის მანერებს და ა. შ. რაც ძალიან საინტერესო ფაქტორია დღევანდელი დღისათვის. პორტრეტი ფრონტალურია, ცენტრშია წარმოდგენილი თავადის ქალი, კომპოზიცია გაწონასწორებულია ტახტზე მარცხნივ დადებული მუთაქით (რომელიც ქალბატონის უკან არის მოთავსებული) და მარჯვენა ხელში დაირით. ძირითადი ტორსი ლურჯ ფონზეა წარმოდგენილი. ლურჯ ფერს თვალი პერპექტივაში გაჰყავს და პორტრეტი სიბრტყობრიობას კარგავს, რაც ძირითადად მახასიათებელია ფიროსმანის შემოქმედებისათვის. ფრონტალურად დაყენებული ფიგურა თითქოსდა მავედრებელ პოზაშია (მარცხენა ხელი მიმართულია მკერდთან მფრინავ ჩიტისაკენ). ასეთი პოზები მოგვაგონებს ძველ ქართულ მონუმენტურ მხატვრობას და მასთან ერთგვარ კავშირს. ქალს შავი კაბა აცვია, წითელი ქამარი აქვს შემორტყმული და წითელ კოპზე თეთრი მანდილი უკეთია. სახე ტიპიურ ქართველ ქალს უგავს, მოოქროსფრო კულულა თმებით, რაც იმ დროის ვარცხნილობის მოდაზე მიგვითითებს.

სურათის ფერადოვნება ძირითადი 4 ფერისაგან შესდგება: შავი, თეთრი, ოქროსფერი და ცისფერი. სურათი შავ გრუნტზეა შესრულებული, რადგან საღებავის ქვემოდან იჭვრიტება შავი საფუძველი – დერმატინი, რომელსაც იყენებდა ფიროსმანი. ფორმები გამოყვანილია ძირითადათ მოხაზულობის და მკრთალი შუქჩრდილების მეშვეობით. სურათის კოლოტი კი კაშკაშა წითელია, რაც ფერადოვან კომპოზიციას კარგად აწონასწორებს და ერთგვარად სურათის გამოცოცხლების საშუალებას იძლევა. ამასთან წითელი არეგულირებს თვითეულ ცივ ტონს, თეთრი კონტურები კი ხაზს უსვამენ და შავი კაბისაგან გამოყოფენ მეტად წითელ აქცენტებს. მხატვარი მშვენივრად ახერხებს მინიმალური ხერხებით გადმოგვცეს ფაქტურულობა, მოდელირება. შავი კაბის, მუთაქის (რომელიც რამოდენიმე ხელის მოსმით არის მინიშნებული). მანდილის გამჭირვალე ფაქტურა, სახისა და ხელის მოდელირება თუ სხვა კომპონენტი, რომელიც მოცემულია სურათზე აღიქმება მშვენივრად. რასაც მხატვარი მონასმების მიმართულებებისა და მისი დადების სიხშირის ცვალებადობით აღწევს. ჩიტი, რომელიც სურათშია შემოყვანილი, როგორც მშვიდობის სიმბოლო და სურათის ერთადერთი მოძრავი სხეული, რომელიც დახატულია სულ რამოდენიმე მონასმის მეშვეობით. განათება სურათზე ერთი შეხედვით ხელოვნურია, რადგან მკვეთრად მინიშნებული, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება ითქვას, რომ სურათზე სინათლე მარჯვენა მხრიდან შემოდის, რადგან კაბის ქვედაბოლოზე, დაირით შუაში ფონზე, ტახტზე და იატაკზე მარჯვენა მხრიდან არის დადებული ბლიკები, რაც განათების მიმანიშნებელი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ სურათი ერთგვარად სტატიკურია, ის საოცრად მეტყველია, ადვილად შემოდის მნახველთან კონტაქტში. ერთის მხრივ თხრობითიცაა. კარგად გადმოსცემს თავის სათქმელს. სადაც თანადროული ყოფითი ცხოვრების ინდივიდუალური პირი, პიროვნება, მისი ხასიათი და მისი სოციალური მდგომარეობისათვის დამახასიათებელი ნიშნები ვლინდება. ავტორმაც განუმეორებელი მხატვრული ტექნიკითა და ხერხებით ცოცხლად მოგვაწოდა თავისი დროის შესახებ ინფორმაცია, რაც ეთნოსისა და ისტორიული ჭრილში ერთ-ერთ ღირებულ ნიშანს წარმოადგენს. ამ სურათის მიხედვით ფიროსმანის როგორც შემოქმედის დახასიათება სრულიად შესაძლებელია, ის მინიმალური ხერხებით გადმოგვცემს ადამიანის ინდივიდუალურ ნიშნებს, მის ხასიათს, ემოციას. მიუხედავად იმისა რომ ფიროსმანის ფიგურები უმეტეს წილად განყენებულები არიან ერთ ადგილზე და გეგონება, რომ ერთი წამით შეჩერდა კადრი, ისინი მუდამ ცოცხლობენ ამ კადრის მიღმა. მხატვარი გვაჩვენებს მათი ცხოვრების მხოლოდ ერთ მომენტს და ამაში ჩააქსოვს ხოლმე მათი ცხოვრების მთელ ისტორიას.


4 comments:

  1. ასეთი ინფორმაცია იშვიათია და იგი ძალიან დამეხმარა მადლობა <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ძალიან ბევრი შრომა ჩავდე ამ ინფორმაციის მოძიებაში. რამდენიმე გატარებული კვირა ბიბლიოთეკაში და მასალების თარგმნა... მიხარია თუ გამოგადგათ :)

      Delete
  2. სამოდელოს ვატარებ და გამოვიყენებ თქვენს ინფორმაციას

    ReplyDelete
  3. ძალიან არგადაა განხილული, დიდი მადლობა.

    ReplyDelete