Thursday, January 17, 2013

კირილე ზდანევიჩი

კირილე ზდანევიჩი
ნიკო ფიროსმანიშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურა მდიდარი როდია. ამიტო ყოველი ახალი ნაწარმოები ნიკოზე ჩვენი კულტურული ცხოვრების სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა.
უთუოდ მეტი უნდა იწერებოდეს ამ ჭეშმარიტი სახალხო ტალანტის, დიდი თვითნასწავლი ოსტატის ბრწყინვალე შემოქმედებისა და მწუხარე ცხოვრების შესახებ, რადგან დროთა განმავლობაში ფიროსმანი სულ უფრო დიდ მოვლენად წარმოგვიდგება და საპატიო ადგილს იმკვიდრებს ქართული ფერწერის ისტორიაში. ყოველივე ეს გვავალებს, რაც შეიძლება სათუთად, სერიოზულად და მეცნიერულად მივუდგეთ მისი მემკვიდრეობის შესწავლას.
ამ თვალსაზრისით უთუოდ მეტად ძვირფასია ფიროსმანის თანამედროვეთა, მის მეგობართა და ნაცნობთა მოგონებანი.
მხატვარ კირილე ზდანევიჩის წინამდებარე ნაშრომი პირველ რიგში იმიტომ არის საინტერესო, იგი ეკუთნის ნიკო ფიროსმანიშვილის ერთ-ერთ აღმოჩენას, მის პირად მეგობარს, მისი სურათების შემგროვებელსა და მისი შემოქმედების მგზნებარე პატრიოტს.
თვითოეული სტრიქონი ამ წიგნისა დაწერილია უდიდესი პატივისცემით, სიყვარულითა და სიბრალულით ასე ადრე და ასე ტრაგიკულად დაღუპული დიდი მხატვრისადმი. წიგნში ცოცხლდება ფიროსმანისდროინდელი თბილისი, სადაც დადიოდა კეთილშობილებით, ადამიანური ღირსებითა და სიამაყით აღსავსე უბედური მხატვარი. ცოცხლდება ძველი თბილისის განუმეორებელი კოლორიტი, რომელიც ასე ბრწყინვალედ ასახა ნიკომ თავის სურათებში, ცოცხლდება ნიკოს ძველი დოსტების, მისი გულშემატკივრებისა და თაყვანისმცემლების- თბილისის გარეუბნების უბრალო ადამიანების კოლორიტული სახეები.
ამ წიგნის ღირსება იმაშიც მდგომარეობს, რომ ნიკო ფიროსმანი მკითხველის წინაშე წარმოდგება არა როგორც ალკოჰოლით დაღუპული ადამიანი, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული აზრი იყო, არამედ როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა ხელოვნებას და რომლის მთელი ცხოვრება შემოქმედებითი გმირობის მაგალითი იყო.
ქართველი საზოგადოება მიმდინარე წელს აღნიშნავს ნიკო ფიროსმანიშვილის დაბადების ასი წლისთავს და უთუოდ კიდევ ერთხელ გაიხსენებს და დააფასებს ქართველი ხალხის გულწრფელი მეგობრების- ფრანგი მხატვრის მიხეილ ლე-დანტიუს, ძმების ილია და კირილე ზდანევიჩების ღვაწლს, რომლებმაც მთელ რიგ ქართველ მოღვაწეებთან ერთად გადაარჩინეს და შთამომავლობას შეუნახეს ნიკო ფიროსმანიშვილის მრავალი შესანიშნავი სურათი, რომლებიც ახლა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მშვენებას წარმოადგენს.
ლადო გუდიაშვილი

დღითი დღე ნიკო სულ უფრო ღარიბდებოდა, ტანისამოსი შემოაცვდა,ფეხსაცმელი დაეხა; ჩაიცვა უბრალო იაფასიანი ხალათი და ჩითის შარვალი, მაგრამ როცა შეხედავდით ამ ადამიანს, მის სახეს, მის თვალებს დაგავიწყდებოდათ თუ რა ეცვა. დიდრონ შავ თვალებში გამოსჭვიოდა აზრი, დამკვირვებლობა და ფარული მწუხარება სახის მოხაზულობა, წვერ-ულვაში და თმა საოცრად წააგავდა იმათ სახეებს, ვის გამოსახულებასაც ვხედავთ ქართულ ფრესკებზე. შთაგონებული სახე ჰქონდა. ნიკო იყო ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანი. ტყუილად კი არ შეარქვეს ხუმრობით ,,გრაფი”. იგი არასდროს კი არ მიუჯდებოდა უცხო სუფრას, ძნელი იყო მისი დაპატიჟებაც. ასეთი იყო ნიკო ფიროსმანიშვილი 1912 წლის ზაფხულის დამდეგს, როცა ჩვენ გავიცანით იგი. ახალგაზრდა მხატვარი მიხეილ ლე-დანტიუ, ჩემი ძმა სტუდენტი ილია და ამ წიგნის ავტორი ვსწავლობდით პეტერბურგში, ზაფხულობით ჩამოვდიოდით ტბილისში ჩემს დედ-მამასთან. იმ დროს ჩვენ გატაცებულნი ვიყავით ეროვნული ხალხური ხელოვნებით ვეძებდით ყოველგვარ მის გამოვლინებას საქართველოში. ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოს ოსტატები სახლებს, ავეჯს, ჭურჭელს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამშვენებდნენ ორნამენტებით, რომლებიც შესრულებული იყო მცენარეების, გეომეტრიული ფიგურების, ვარსკვლავებისა და ჯვრების სხვადასხვა კომბინაციით. კერამიკა-უძველესი ხელოვნება საქართველოში – ლამაზად, გონებამახვილურად და გამომგონებლობითაა ორნამენტირებული. თიხის ჭურჭელი გასაოცარი ფორმებისაა და ქართული ხელოვნების განუმეორებელი სტილი აქვს შენარჩუნებული, ხშირად ცხოველების, თევზებისა და ადამიანთა მოტივებია მასზე დართული, მეტადრე ირმების, შვლების პატარა ფიგურები მეტად საოცარი სიმართლით არიან გამოსახულნი. ყველაფერი ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. მაგრამ ჩვენ უფრო მეტის მოლოდინში ვიყავით და მალე აღმოვაჩინეთ მხატვარ ნიკო ფიროსმანიშვილის არაჩვეულებრივი და ორიგინალური ხელოვნება.
საუბარი გრძელდებოდა და თანდათან ნიკოს თვალებში სითბო ჩადგა. იგი მიხვდა, რომ მასთან იჯდნენ მისი ნამდვილი მეგობრები. გავაცანით ჩვენი გეგმები, რაც მას შეეხებოდა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა მისი სურათები, შეგვედგინა ყველა მისი ნაწარმოების კატალოგი, მოგვეწყო თბილისში და მოსკოვში გამოფენები, დაგვებეჭდა მის შესახებ წერილები. შემდეგ ვთხოვეთ ეამბნა თავის თავზე.
ფიროსმანიშვილმა ჩუმი ხმით გვიამბო კახეთში გატარებულ ბავშვობაზე, თბილისში ცზოვრების შესახებ თავის სურათებზე, თუ როგორ ესმის მას ფერწერა და სხვა. `მე უბრალო ადამიანების ხატვა მიყვარს: გლეხები, ყარაჩოხელები მუშები, მეეზოვეები, ქალები, ბავშვები, ვხატავ ცხოველებსაც. მდიდრებს არ უყვართ ჩემი სურათები, მათ თავიაანთი მხატვრები ჰყავთ!” ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა: `თქვენ დიდი საქმე წამოიწყეთ, იგი დიდ გარჯას მოითხოვს. მე გეტყვით სადაა ჩემი საუკეთესო სურათები.”
1912 წლის ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა. დადგა დრო პეტერბურგში დაბრუნებისა. ჩვენს სახელოსნოში სტუმრად გვეწვივნენ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ზიგა ვალიშევსკი პოეტი კოლაუ ჩერნიავსკი და სხვები. დაპატიჟებული იყო აგრეთვე ნიკო ფიროსმანიშვილი, მაგრამ იგი, როგორც ჩვეულებრივ, არ მოვიდა, ეტყობოდა თავისი ტანსაცმლისა რცხვენოდა. ვსინჯავთ ლე-დანტიუს მიერ მონახულ სურათებს. უნდა ითქვას, რომ ნიკოს სურათების მფლობელნი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სიამოვნებით გვითმობდნენ თავის ,,საკუთრებას”; ამბობდნენ: ,,ნიკალა კიდევ დაგვიხატავს ამაზე უკეთესს” და მართლაც, ასე ხდებოდა. ერთ-ერთ სურათზე `ორთაჭალის ტურფას ლუდით სავსე ჭიქა უჭირავს”, ქალის სინაზე გადმოცემულია მეტად უბრალოდ. ეს სურათი ერთ დროს პეტერბურგში იყო წაღებული, მერე ისევ აღმოჩნდა თბილისში და ახლა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია. მეორე სურათზე ასახულია ქურთი მუშების, ამბალების ქეიფი. მრგვალ მაგიდას უზის ოთხი მუშა, ჭუჭყიანი, დაფლეთილი ტანისამოსი აცვიათ, ხელში უჭირავთ ღვინით სავსე ჭიქები. სიმთვრალისაგან ვიწრო თვალები უბრწყინავთ, პირისახე მოღრეციათ. სამწუხაროდ, საღებავი მალე დასკდა, ჩამოიშალა და სურათი დაიღუპა.

წყარო

No comments:

Post a Comment